ჯავახიშვილი ივანე

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება 
1899 წელს.

1901–1902წწ. მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში; 1902–1917წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი; 1907—1917წწ. ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს; 1918–1919წწ. იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი; 1919–1926წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; 1918–1938წწ.ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის კათედრას; 1936-1940წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი; 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი; არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი; მან შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი "ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა", რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად: "ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V—XVIII სს."(1916, 1921, 1945, 1977), "ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია"(1925), "ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია"(1926, 1949), "ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა"(1925); მას ეკუთვნის კაპიტალური შრომა "ქართველი ერის ისტორია"(5 წიგნად); ასევე შექმნა კაპიტალური ნაშრომი "ქართული სამართლის ისტორია"; მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას; მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.