ჩიქობავა არნოლდ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1922 წელს.

1926-1933წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-1960წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრას. 1936-1985წწ. თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების გამგეა, 1950-1952წწ. კი ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნიერების თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და ა.შ. არის 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული" (ამჟამად "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება") დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი.















ჩხეიძე ოთარ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტიდასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით 1942 წელს.

ერთხანს მასწავლებლობდა სოფლად. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან- ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. 1949-1971წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971-1980წწ. - უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალ "ჩვენ თაობაში". მას შემდეგ თანმიმდევრულად იბეჭდება მისი მოთხრობების ციკლი "ჩემი სოფლის ეტიუდები", რომანის ციკლი "მატიანე ქართლისა", დრამატული ნაწარმოებები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. მოთხრობათა პირველი კრებული "ხელეური"-1947წ. წლების მანძილზე აქვეყნებდა ქართული სოფლის ამსახველ, ლირიზმით შეფერილ მცირეფორმიან თხზულებებს საერთო სათაურით -"ჩემი სოფლის ეტიუდებიდან". მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ ენაზე, ყოფილ სსრკ-ის სხვა ხალხთა, აგრეთვე ბულგარულ ენაზე.