შანიძე აკაკი

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს.

1918-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, 1945-1987წწ. ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში "ქართული ენის გრამატიკა",  რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი "ძველი ქართული ენის გრამატიკა", რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე.წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა "ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული"(1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.















შანიძე მზექალა

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1948 წელს.

1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: "ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი"(1990), "ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა"(1992), "ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა"(სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში", დაიცვა 1951 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები", დაიცვა 1974 წელს.