მელიქიშვილი დამანა

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.

1966-1967წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის მასწავლებელი, 1968-1969წწ. უფროსი მასწავლებელი, 1969-1989წწ. დოცენტი; 1986-1993წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1989 წლიდან არის პროფესორი; 1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, 1995-1998წწ. ბიზანტინოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1998-1999წწ. "ქართული ზმნის კატეგორიების ტიპოლოგიურ-სემანტიკური მიმართულებანი ევროპული ზმნის შესაბამის კატეგორიებთან" - პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი(საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი); 1999-2002წწ. გელათის სკოლის ტექსტების ელექტრონული ვერსიის მომზადება  - ქვეპროექტის ხელმძღვანელი(ARMAZI: "Caucasian Languages and cultures: Electronic documentation"); 2006-2009წწ. "ძველქართულ-ბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი -პრექტის ავტორი და ხელმძღვანელი(ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდი - რუსთაველის ფონდი); 2006 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი;  გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა, მათ შორის: "იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი"(1975); "ახალმოწამენი. მღვდელი სიმონ მჭედლიძე"(1995); "იოანე პეტრიწი. განმარტება პროკლე დიადოხოსის ღვთისმეტყველების საფუძვლებისა" - თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოიღო, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო დ. მელიქიშვილმა(1999);  "ძველი ქართული ფილოსოფიურ–თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან"(1999, 2009); "ქართული ზმნის უღლების სისტემა"(2001); "The Georgian verb: A morphosyntactic analysis"(2008).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი", დაიცვა 1967 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "გელათის სალიტერატურო სკოლა და ქართული ფილოსოფიური ენის (ტერმინოლოგიის) ჩამოყალიბების გზები", დაიცვა 1988 წელს.















მამისიმედიშვილი ხვთისო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი, კავკასიოლოგი. მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მრავალი ფოლკლორული ექსპედიციის მონაწილე და ხელმძღვანელი. ავტორი წიგნებისა „ვაინახები და ქართველი მთიელები“ (გამომცემლობა „ლომისი“, თბ., 1997), „პანკისი, წარსული და თანამედროვეობა“ (თსუ გამომცემლობა, თბ., 2008), „ჯვარ-ხატები საკულტო ტექსტებში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, თბ., 2009), „ოსური ფოლკლორი“ (თსუ გამომცემლობა, თბ., 2015). 




























მახარაძე მიხეილ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1970-2006წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის უმცროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და განყოფილების ხელმძღვანელი. არის ავტორი 100–მდე სამეცნიერო ნაშრომის, 500–ზე მეტი წერილის, პუბლიცისტური კრებულების და თარგმანებისა, მათ შორის: "არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები"(1983); "წერილები ქართულ ფილოსოფიაზე"(1988); "философское содержание ареопагитики"(1991); "ძიებანი ქართული ფილოსოფიის ისტორიაში"(1999); "რენესანსი, ჰუმანიზმი და ქართული რენესანსის საკითხები"(2009).















მეტრეველი ელენე

ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1983). დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1940). მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1944-1948), სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა (1946-1958) და თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1948-1952). 1958-1968 მუშაობდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში არქეოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად. 1968-1988 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. იკვლევდა VIII-XIX სს-ის ქართულ მწერლობას, XVI-XVIII სს-ის ლექსიკოლოგიურ, სამართლებრივ, კარტოგრაფიულ ძეგლებს, ცალკეული მწერლების შემოქმედებას. მისი მრავალი ნაშრომი ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთული კერების კვლევას ეძღვნება. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სასულიერო პოეზიის საკითხების შესწავლაში.