კეკელიძე კორნელი

დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1904 წელს.

1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს. კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" 1905 ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის "ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა" (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. დიდია მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1926-1930წწ. სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921—1930წწ. ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949წწ. განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. 1948-1954წწ.  გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კ. კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კ. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.




























კიკნაძე ზურაბ

დაამთავრა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს.

1959–1973წწ. მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1973 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "გილგამეშის ეპოსი", დაიცვა 1965 წელს, სადოქტორო – "ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა", დაიცვა 1985 წელს. 















კაკაბაძე სარგის

ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949).

სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. 1911-1919 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1918-1932 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორია-არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1921-1926 — საქართველოს ისტორიის არქივის გამგე, 1945-1961 — იმავე არქივის ძველი აქტების განყოფილების გამგე. 1924-1934 წლებში ხელმძღვანელობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს.

გამოქვეყნებული აქვს შრომები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, დამხმარე ისტორიის დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსანი ვრცელი გამოკვლევებით (1913, 1927), ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1937), შავთელის „აბდულმესიანი“ (1913, 1937) და „ამირანდარეჯანიანი“ (1939). მუშაობდა ეთნოგენეზის, ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმინისტრაციული დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო „საისტორიო მოამბის“ (1924-1925, 4 წიგნი), „საისტორიო კრებულის“ (1928-1929, 4 წიგნი) რედაქტორი.