იმნაიშვილი ვახტანგ

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1966-69 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ("კომპოზიტები ძველ ქართულში") და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნი­ერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1977 წელს  _ სადოქტორო დისერტაცია ("მამათა ცხორებანი" /ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI საუკუნისა/) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 5 მონოგრაფიისა და 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ძველი ქართული ენის ქვემიმართულების სრულ პროფესორად. ლექციებს კითხულობდა ვენის, ბერნისა და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტებში.

 




























იმედაშვილი გაიოზ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1929 წელს.

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1961). 1935 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. გ. იმედაშვილის კვლევის საგანი ძველი ქართული საერო და სასულიერო მწერლობის, უპირატესად ვეფხისტყაოსნის პოეტიკისა და სტილის საკითხებია. მის წიგნში "რუსთველოლოგია" (1941) ისტორიულ-კრიტიკულ მიმოხილვასთან ერთად შეჯამებულია კვლევის ძირითადი ისტორიული ეტაპები და უმთავრესი პრობლემატიკა. გ. იმედაშვილის ფუნდამენტური ნაშრომი "რუსთველოლოგიური ლიტერატურა"(1957), შეიცავს 1712-1956 წლების ბიბლიოგრაფიულ ანოტაციებს. მისი მუშაობის შედეგები განზოგადებულია გამოკვლევაში "ვეფხისტყაოსანი და ქართული კულტურა" (1968). აღსანიშნავია მისი მონოგრაფიები: "ქართული საგალობლის პოეტიკის საკითხები" (1960), "რაინდული რომანი ქართულ მწერლობაში" (1965) და გამოკვლევები ძველ ქართულ ეპიკურ ძეგლებზე ("ამირანდარეჯანიანი", "სეილანიანი", "სირინოზიანი").