აბულაძე ილია

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და საენათმეცნიერო განყოფილებები 1926 წელს.

 

1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა უმეტესობა ეძღვნება ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებს. "შუშანიკის წამების" ქართული და სომხური ტექსტების ანალიზის საფუძველზე საბოლოოდ დაადგინა, რომ ქართული ვერსია არის ორიგინალი, ხოლო სომხური-თარგმანი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის ძეგლების მეცნიერული შესწავლა. ილია აბულაძემ აღმოაჩინა კავკასიის  ალბანელთა ანბანი. იკვლევდა ქართულ ლექსიკას, შეადგინა "ძველი ქართული ენის" ლექსიკონი. 1968 წელს, ი. აბულაძის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა. მის კაბინეტში დაცულია 2 663 წიგნი, 647 პერიოდული გამოცემა ქართულ, სომხურ, რუსულ და სხვადასხვა ევროპულ ენებზე.

 















ახვლედიანი გიორგი

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტი 1914 წელს.

პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები:"ენათმეცნიერების შესავალი"(1918-1919), "სანსკრიტი"(1920). შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს ენათმეცნიერებასა და ლიტერატურის ისტორიაში. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება". მისი ნაშრომები: "ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები" (ტ. 1, 1938), "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები" (1949), "ზოგადი ფონეტიკის შესავალი" (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს.















აბულაძე იუსტინე

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი (ქართული-სომხური-სპარსული ფილოლოგიის განხრით) 1900 წელს.

აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად 1901-1902წწ. იმოგზაურა შუა აზიასა და დასავლეთ ევროპაში, სადაც გაეცნო სპარსული ხელნაწერების კოლექციებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგედ. იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი. 1918 წლიდან თსუ-ში კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს. მანვე შეადგინა პირველი სპარსული ენის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936). თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას. აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. იკვლევდა "შაჰ-ნამეს", "ვისრამიანს", ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი"(1914, 1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. გამოსცა "შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის" ქართული ვერსიები I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა "ვისრამიანის" ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში(1938), დაურთო ლექსიკონი. 















ანდრონიკაშვილი მზია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

ენათმეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე. მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1942-50 წწ.), იყო თსუ-ს დოცენტი (1952-69 წწ.). 1969 წლიდან – კათედრის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1985 წლიდან). საკანდიტადო დისერტაციის თემა – "ირანული სიტყვები ძველ ქართულ ორიგინალურ ძეგლებში", დაიცვა 1946 წელს, სადოქტორო - "ქართველურ-ინდოირანული ენობრივი ურთიერთობები", დაიცვა 1968 წელს. შესრულებული აქვს რიგვედისა და ავესტის ჰიმნების თარგმანები. მისი სამეცნიერო შემოქმედების ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია მონოგრაფიაში "ნარკვევები ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობიდან" (I ტ. 1966 წ., II ტომის I ნაკვეთი, 1966წ.).















არაბული ავთანდილ

ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1980-1984წწ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1984-1998წწ. და 2005-2009წწ. ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-2006წწ. კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2005-2006წწ. იყო თსუ ახალი ქართული ენის კათედრის გამგე; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს უცხო ენათა ინსტიტუტსა (შემდეგ – უნივერსიტეტსა) და ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2008-2010წწ. იყო წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის "ქართული უნივერსიტეტის" პროფესორი; 2000-2005წწ. არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზმნური და სახელური დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში", დაიცვა 1997 წელს.